“დიჯითალ არეა”, როგორც ციფრული ეკოსისტემის დიდი გალაქტიკა

დიჯითალ არეა, საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი – ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც თითქმის სამი წელია ოპერირებს ბაზარზე და ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულებით, მომხმარებელს ახალი, მარტივი და საინტერესო გამოცდილების მიღებაში ეხმარება – ასე შეიძლება დაგვეწყო ტექსტი, ეს რომ სტანდარტული სარეკლამო სტატია ყოფილიყო, თავისი სტატისტიკებით და სტატეგიული საკომუნიკაციო მესიჯებით. მაგრამ არა, ამჯერად ასე არ დავიწყებთ. ამჯერად ავდგებით და გულწრფელად მოგიყვებით რეალურად ვინ ვართ ჩვენ – დიჯითალ არეა – ამბავი, რომელსაც გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიური დიდი და თითქოს მცირე, შეუმჩნეველი ფუსფუსით ქმნის. ჯერ პატარები ვართ, სულ რაღაც 3 წლის წინ შევკავშირდით. მაშინ არც სახელი გვერქვა და არც არავინ გვიცნობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა მთავარი ფუნდამენტური მოცემულობა და მიზანი – ჩვენი შრომით, ჩვენი გამოცდილებითა და ყოველდღიური სწავლით შევქმნათ ციფრული პროდუქტები, რომლებიც ნამდვილად გაუმარტივებს ქართველ მომხმარებელს ყოველდღიურობას. ამ სამი წლის განმავლობაში გვქონდა ბევრი წარმატება, ბევრი შეცდომა, ბევრი „ეს არ გამოვა“, უფრო ბევრი „ახლა რა ვქნათ“, თუმცა როგორც გუნდში ვამბობთ სამყაროში ყველაფრის გამოსავალი არსებობს. ვცდილობთ მასშტაბურად ვიფიქროთ, გავშალოთ ფანტაზია, მივცეთ „ნიჭსა გზა ფართო“ და არასდროს შევიზღუდოთ ჩარჩოებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი სტანდარტები და შემდეგ ჩვენსავე შექმნილ სტანდარტებს ვაჯობოთ. ჩვენი შიდა სლოგანიც ხომ ამას ამბობს – Think Outside The Box. დღევანდელი გადმოსახედიდან, გვეამაყება ის ადგილი სადაც მოვედით. 3 თანამშრომლით დაწყებული იდეა, რომელიც ახლა 170-ზე მეტ პროგრესულ და მოტივირებულ ადამიანს აერთიანებს. ჩვენი მთავარი ღირებულება, თითეული ის ადამიანია, რომელიც ერთნაირი მონდომებით და ენთუზიაზმით უდგება ნებისმიერ საქმეს. ერთნაირი მოტივაციით გეგმავს სპრინტებს, ხატავს ახალ პროტოტიპებს, წერს კოდს, ქმნის და ანვითარებს ბიზნესს, ოფისში ლუდს წრუპავს, ფილმებს უყურებს, სამაგიდო თამაშებს თამაშობს და ფეხბურთის გარდა, სამზარეულოში ლანჩის დროს, ჯანსაღ კვებაში ეჯიბრება. უი ხო, ოფისში, მოსასვენებელ სივრცეში, ლუდის ჩამოსასხმელი დანადგარიც გვაქვს, რომელსაც ყოველ მეორე პარასკევს გამორჩეული დემონსტრაციულობით ვქოქავთ ხოლმე. გარდა ამისა ერთმანეთს მხარს ვუჭერთ განვითარებასა და წინსვლაში. რადგან ეკოსისტემა მუდმივად ვითარდება და სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესებს აერთიანებს,  უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებული პრეცედენტიც გვაქვს,  როცა თანამშრომელი რამდენჯერმე დაწინაურდა, შეიცვალა ბიზნეს მიმართულება  ან სულაც აქვე აღმოაჩინა და შეისწავლა სრულიად ახალი პროფესია.ჩვენ არ ვჩერდებით და ყოველთვის  ახალ–ახალ სივრცეებს აღმოვაჩენთ ერთმანეთში და საკუთარ თავში. ყველაზე მნიშვნელოვანი, კი ის არის, რომ ყოველგვარი პათეტიკისა და პოპულიზმის გარეშე აქ – დიჯითალ არეას გალაქტიკაზე 170-ზე მეტი მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელიც ყოველდღიურად, ოჯახურ გარემოში ცდილობს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნას. ეს ჩვენ ვართ: და შეუფასებელი ენთუზიაზმი, რომელსაც ქმნის გუნდის თითოეული წევრი. დიახ – ეს ჩვენ ვართ – დიჯითალ არეა – ციფრული ეკოსისტემის დიდი გალაქტიკა, მოკაშკაშე ვარსკვლავებით. ყველაფერი კი ასე დაიწყო: პირველი პროექტი AREA.GE – უძრავი ქონების პლატფორმა იყო, რომელიც ამბიცური მიზნით შემოვიდა ბაზარზე და გადაწყვიტა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, ტრადიციული გარიგებები, რვეულში ჩანიშნული ინფორმაცია და „სიტყვაზე ნდობა“ ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადაეტანა. გაემარტივებინა პროცესი, დაეზოგა დრო და ახალი გამოცდილება შეექმნა უძრავი ქონების მაძიებელთათვის. მალევე დავიწყეთ მეორე პროექტი, რომელსაც შიდა, კულუალური ხუმრობის საფუძველზე OPTIMO დავარქვით. ერთ-ერთ ტექნიკურ შეხვედრაზე, ჩვენმა გუნდის წევრმა ამაყად თქვა – „აუ, მგონი მაგარი ოპტიმალური პროდუქტი გამოდისო“ და ბრენდის სახელიც მარტივად ავიტაცეთ. OPTIMO გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გასაციფრულებლად და სამართავადაა შექმნილი. უფრო მარტივად რომ ავხსნათ მაღაზიებსა და კაფეებს, ყოველდღიური რუტინული პროცესების ნაცვლად მარტივ, ხელმისაწვდომ და სრულად ციფრულ გადაწყვეტილებას ვთავაზობთ. ამ პერიოდშივე შემოგვიერთდა EXTRA.GE, გუნდის ნაწილითა და მომხმარებელთა დიდი არმიით, ჩვენ კი ჩვენი მხრივ პლატფორმის ტექნიკური განახლება და რებრენდინგი დავიწყეთ. ცოტა ხანში, კი მომხმარებლებმა სრულიად ახალი EXTRA.GE აღმოაჩინეს, რომელიც დღეს ფორმირებულია, როგორც ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც შეგიძლია იპოვო ყველაფერი, „რაც გაგიხარდება“. ამასობაში პანდემიამაც მოგვისწრო და პირველ ეტაპზე, ჩვენი ბიზნეს-პროცესების რეალობასთან ადაპტაცია დავიწყეთ. მალევე ვიგრძენით, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ზოგადად ბიზნესების განვითარებაზე ზრუნვა იყო. ამიტომ შევქმენით ციფრული ადაპტაციის პროგრამა ადაპტერი, რომლითაც ბიზნესებს საშუალება მივეცით მათი პროდუქცია EXTRA.GE-ზე განეთავსებინათ და ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე ელექტრონულ კომერციაში ჩართულიყვნენ, პარალელურად კი OPTIMO-ს დახმარებით დისტანციურად ემართათ მათი გაყიდვები და მარაგები. პოსტპანდემიურ პერიოდში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიგრძენით დამატებითი მიმართულების სერვისების დანერგვის საჭიროება. ამიტომ ჩვენსავე ეკოსისტემაში შევქმენით კიდევ ერთი პროდუქტი IZI BOX – რომელიც სადისტრიბუციო და ლოგისტიკურ მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი შიდა პროექტებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პარტნიორებისთვის. დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართულ ბაზარზე ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური აქსელერატორი კომპანია 500 Startups-ი შემოვიდა. პროგრამის დახმარებით სტარტაპების ინვესტირებას საქართველოს ბანკის ჯგუფი ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიცია მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება, რადგან სტარტაპების პარტნიორი Digital Area-ს ეკოსისტემა ხდება. შესაბამისად, სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არამატერიალური მხარდაჭერაც, იქნება ეს საოპერაციო პროცესების გამართვა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, იურიდიული და ტექნოლოგიური კონსულტაცია თუ სტრატეგიული დაგეგმარება. ამგვარად, დიჯითალ არეას გალაქტიკაზე, დამატებით ახალი სტარტაპები გამოჩნდნენ. ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება და სწორ ეტაპზე ჩვენი პროდუქტების და გამოცდილების საერთაშორისო ბაზარზე გატანა და დანერგვა.
Facebook
Twitter
LinkedIn
WhatsApp